აღმოაჩინეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ჟანგბადს არ იყენებს
ეს პატარა, 10 უჯრედისგან შემდგარი პარაზიტი, რომელსაც Henneguya salminicola ჰქვია, როგორც უკვე ვთქვით, ორაგულის ქსოვილში, კერძოდ, კუნთებში ბინადრობს. მსგავსი ორგანიზმები ჟანგბადს, როგორც წესი, ენერგიის წარმოებისთვის იყენებენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს წარმოდგენა მცდარია. Henneguya salminicola არის პირველი ცნობილი მრავალუჯრედიანი ცოცხალი ორგანიზმი – ცხოველი, რომელიც ჟანგბადს არ იყენებს.
„აერობული სუნთქვა ითვლებოდა აუცილებელ კომპონენტად ცხოველებში, რომელიც ყველა ორგანიზმს ახასიათებს, თუმცა, დავამტკიცეთ, რომ ეს ამ შემთხვევაზე არ ვრცელდება. ჩვენმა აღმოჩენამ შემოგვთავაზა სხვა რეალობა – ევოლუციას შეუძლია უცნაური მიმართულებით წავიდეს. აერობული სუნთქვა ენერგიის მთავარი წყაროა და ჩვენ ვიპოვეთ ცხოველი, რომელიც ამ აქამდე არსებულ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება“, – ამბობს პროფესორი დოროთე ჰუჩონი.
რამდენიმე მარტივმა ორგანიზმმა (რომელიც ცხოველთა სამყაროში არ ერთიანდება), მაგალითად, სარკოდინებმა, არააერობულ გარემოში ყოფნის შედეგად, დროთა განმავლობაში, დაკარგეს „სუნთქვის“ უნარი. აღნიშნული, ახალი კვლევა კი არის იმის დემონსტრირება, რომ იგივე შეიძლება ცხოველების შემთხვევაში მოხდეს. Henneguya salminicola მედუზისა და მარჯნის ნათესავია. ისინი კი, ამ პარაზიტისგან განსხვავებით, ჟანგბადს იყენებენ…
პარაზიტის არააერობიკული ბუნების აღმოჩენა შემთხვევითობას უკავშირდება. Henneguya-ს გენის შესწავლისას, პროფესორმა ჰუჩონმა აღმოაჩინა, რომ ის მიტოქონდრიულ გენომს არ მოიცავდა. (მიტოქონდრია არის ერთგვარი ენერგიის საბადო უჯრედში, ადგილი, სადაც ჟანგბადი ენერგიად გარდაიქმნება. მისი არ ქონა კი ნიშნავს, რომ ცხოველი ჟანგბადს არ იყენებს).
აღმოჩენა ახალი დისკუსიის საფუძვლად იქცა – შეუძლიათ, თუ არა ცხოველთა სამყაროში არსებულ ორგანიზმებს უჟანგბადო გარემოში ადაპტირდნენ და გადარჩნენ?
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, საიდან გამოიმუშავებს აღნიშნული პარაზიტი ენერგიას. ანუ, უცნობია, რითი ჩაანაცვლა მან ადაპტაციის პროცესში ჟანგბადი. მეცნიერთა თქმით, სავარაუდოდ, ის ენერგიას ორაგულის კუნთში არსებული უჯრედებიდან იღებს, ეს შეიძლება ხდებოდეს უჟანგბადო „სუნთქვის“ ხარჯზე, რაც ცხოველურ ორგანიზმებს არ ახასიათებთ (ან აქამდე არ ახასიათებდათ). თუმცა, უცნობია, ზუსტად როგორ ახერხებს პარაზიტი ენერგიის წარმოებას.
პროფესორი ჰუჩონის თქმით, აღმოჩენას ევოლუციის კვლევის მიმართულებით განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს:
„მიჩნეულია, რომ ევოლუციის მიმდინარეობისას, ორგანიზმები სულ უფრო კომპლექსურებად იქცნენ. ერთუჯრედოვანები იქცნენ მრავალუჯრედოვანებად და ეს განიხილება კომპლექსური ორგანიზმების წინაპირობად. თუმცა, ახლა, ჩვენ წინაშეა ცხოველი, რომლის ევოლუციური პროცესი პირიქით წარიმართა. უჟანგბადო გარემოში არსებობისას, მან მოიცილა არასაჭირო გენები, რომელიც ჟანგბადის მიღებასა და დამუშავებაზე იყო პასუხისმგებელი და იქცა გაცილებით მარტივ ორგანიზმად“.
Комментариев нет:
Отправить комментарий